ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოებს ქართლსა და კახეთში გაეცნენ
ღვინის ტური
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს, ბრიტანეთის კომერციული სფეროს და ,Swirl Wine Group-ის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
სტუმრებს შორის იყვნენ HORECA სექტორის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინის ბაიერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და ღვინის საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები. ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, „ნიკალას მარანში“, გაიმართა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა დასახელების ბუნებრივ ღვინოებს.
ტურის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია ე.წ. „Walkaround Tasting“, რომელშიც 10-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. მათ ბრიტანელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 310 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 43%-ით მეტია.