საინტერესო ბმულები
რთველის შეჯამება
რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ თელავში 20 აგვისტოს გაიხსნა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში 250-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული. ეს იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ყურძენი შეფერხებების გარეშე ბარდებოდა.
საქართველოში 243 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. 23 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 270 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. გადამუშავებული ყურძნიდან 145 ათას ტონამდე რქაწითელია, 81 ათას ტონამდე საფერავი, 4,5 ათას ტონამდე კახური მწვანე, 1,7 ათასი ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით, კახეთის რეგიონში, სუბსიდია მიიღო მხოლოდ ღვინის იმ კომპანიამ, რომელმაც 2021 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,90 ლარი. კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემოდა: ა) 1 კგ რქაწითელისათვის - 0,35 ლარი; ბ) 1 კგ კახური მწვანისათვის - 0,35 ლარი. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდია მიიღო ყველა იმ კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარი გადაუხადა. სუბსიდიის თანხამ შეადგინა 3 ლარი 1 კგ როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
ეს იყო პირველი რთველი, როდესაც ფერმერი საწარმოებს ყურძენს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე აბარებდნენ.
მიმდინარე წლის რთველის დროს, სტიქიამ რამდენჯერმე დააზიანა მოსავალი. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. „მოსავლის მართვის კომპანიამ“ დასეტყვილი ყურძნის სასპირტედ მიღება-გადამუშავება სტიქიიდან მეორე დღესვე, 27 აგვისტოს დაიწყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები.
7 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, სეტყვით დაზიანებული 15 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ სრულად იყო დაბინავებული. დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი მევენახეებმა 1 კგ რქაწითელი 0,80 ლარად და 1 კგ საფერავი - 1 ლარად ჩააბარეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახებმა, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში მცხოვრები 150 ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა. ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან ჰქონდა.
საკოორდინაციო შტაბის წევრები რთველს ვაქცინირებული შეხვდნენ - სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებული იყო. საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება უტარდებოდათ.