ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

ოცხანური საფერე

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

ოცხანური საფერე - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. გამოიყენება მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად ან სხვა წითელი და თეთრი ჯიშების ღვინის შესაფერად. ცალკე დაყენებული ოცხანური საფერეს ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. დაძველების შემდეგ ღვინო ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ჯიში საგვიანო პერიოდისაა - ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს.

ძელშავი

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

ძელშავი (სინ. ძველშავი, ძველშავი ობჩური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც. ჯიში საგვიანო პერიოდისაა _ იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,0 გ/ლ-ს.

ჯანი

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

ჯანი (სინ.: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება დიდი სხეულით, ალკოჰოლისა (11,5-12,1%) და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობითა და მაღალი გემური თვისებებით. დაძველებისას ივითარებს სასიამოვნო გემოსა და მდიდარ ბუკეტს. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,9-23,4%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-9,1გ/ლ-ს.

ქართული ღვინო