წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
უსახელოური
წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
უსახელოური (სინ.: ოყურეშული) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია ლეჩხუმში და გამოყენებულია მაღალხარისხოვანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად, რომელიც ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა. ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, მაშინ, როდესაც მასში 23,0-26,0% შაქარი და 6,0-8,0გ/ლ მჟავიანობაა. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-9,0გ/ლ-ს.
ჩხავერი
წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
ჩხავერი (სინ.: ჩხაველი) - ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩხავერის ღვინო მეტად ნაზია, ჰარმონიული, შინაარსიანი, ნორმალური ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემური მაჩვენებლებით. ჯიში ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გურიის რაიონებში ყურძენი ნოემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-9,6გ/ლ-ს.
ალადასტური
წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
ალადასტური - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-9,4 გ/ლ-ს.
ოჯალეში
წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
ოჯალეში (სინ.: შონური, სვანური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ოჯალეშის ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობითა და მდიდარი ჯიშური არომატით. ყურძნის გვიან დაკრეფის შემთხვევაში მისგან მაღალხარისხიან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-9,0გ/ლ-ს.
შავკაპიტო
წითელყურძნიანი საღვინე ჯიში
შავკაპიტო (სინ.: შავი კაპიტო, შავკაპიტა, ბლაუჰერცერი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია შიდა ქართლში. მისგან ამზადებენ საკმაოდ მაღალხარისხოვან ადგილობრივი მოხმარების ღვინოს, რომელიც ლამაზი, ღია წითელი (ვარდისფერი), წითელი შეფერვით, სინაზით, სიხალისითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. ჯიში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. შავკაპიტო საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა - შიდა ქართლში ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,2-7,1 გ/ლ-ს.