ქართული ღვინის პოპულარიზაცია
საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას.
მარკეტინგული აქტივობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
რეგიონები, სადაც საქართველოს, როგორც ქვეყნის და შესაბამისად ქართული ღვინის ცნობადობა არის დაბალი;
რეგიონები, სადაც ცნობადობა არის მაღალი, მაგრამ საჭიროა ლოიალური სეგმენტის ზრდა.
ქართული ღვინო პროფესიონალებისა და მოყვარულების წინაშე 3 ძირითადი გზავნილით წარსდგება: „საქართველო ღვინის აკვანი“, რაც დაფუძნებულია მრავალ ისტორიულ და არქეოლოგიურ ფაქტებსა და წყაროებზე, რომ საქართველო მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანი გზავნილია „8 ათასი უწყვეტი რთველი“ - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის დაიწყეს ღვინის წარმოება და ამ კულტურას წყვეტა არ ჰქონია.
მესამე ძირითადი გზავნილია - 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში. ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიში. ასეთი მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.
ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქართული ქვევრის ღვინო. ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური წესისა და ტრადიციების პრომოცია ხდება, როგორც გამოფენა-ღონისძიებების, ასევე სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.