London Wine Fair
2024 წლის 20-22 მაისს, ქალაქ ლონდონში, დიდი ბრიტანეთში გაიმართება ადგილობრივ ბაზარზე, ღვინისა და სპირტიანი სასმელების, ყველაზე მასშტაბური გამოფენა "London Wine Fair 2024".
გამოფენას 40 წლიანი ისტორია აქვს და ყოველწლიურად აერთიანებს 10 000-ზე მეტ ღვინის პროფესიონალს, ბაიერს, იმპორტიორს, HoReCa სექტორის წარმომადგენელს და ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან- 80კვ.მ, გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 15 კომპანიით.
გამოფენაზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება 12 თებერვალს 12:00-ზე და დასრულდება 15 თებერვალს 18:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 15 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მოლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 12 თებერვალს, ზუსტად 12:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.