ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის შეჯამება

კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 92 773 ტ. ყურძენი, მათ შორის 62,1 ათასი ტ. რქაწითელი, 2 ათასი ტ. კახური მწვანე, 25,8 ათასი ტ. საფერავი და 996,1 ტ. ალექსანდროულ-მუჯურეთული. (ცნობისათვის: 2012 წელს რთველში მონაწილე 39 კომპანიამ ვაუჩერიზაციის პროგრამის ფარგლებში სულ გადაამუშავა 52 200 ტ. ყურძენი.) 
ყურძნის მიღება – გადამუშავების პროცესში მონაწილეობას იღებდა ღვინის 91 კომპანია, მათ შორის: 89 კერძო და 2 სახელმწიფო საწარმო (შპს ,,გრუზვინპრომი” და სს ,,აკურა”). სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებულია მხოლოდ 15,6 ათასი ტონა ყურძენი, რაც საერთო რაოდენობის 16,8%-ს შეადგენს. (ცნობისათვის: 2012 წელს აღნიშნული  კომპანიების მიერ შეძენილი და გამუშავებული იქნა 34 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რამაც საერთო რაოდენობის 65% შეადგინა).    
    სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან რთველის პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის შედეგად პრაქტიკულად გამოირიცხა კონკურენცია სახელმწიფო და კერძო კომპანიებს შორის: შპს ,,გრუზვინპრომისა” და სს ,,აკურას” მიერ ყურძნის შეძენა ძირითადად ხდება იმ ზონებში, სადაც მოწეული ნედლეული, ადგილწარმოშობის პრინციპებიდან გამომდინარე, ნაკლებად შედის კერძო სექტორის ინტერესთა სფეროში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის დეფიციტის პირობებში, სახელმწიფო კომპანიების მიერ მიღებული და გადამუშავებული იქნა სულ 225,5 ტონა ამ ჯიშის ყურძენი, რაც შეადგენს საფერავის საერთო რაოდენობის 0,87%-ს.
  საინტერესოა რაიონების მიხედვით შესყიდული და გადამუშავებული ყურძნის მაჩვენებელი: 
- გურჯაანის რაიონი – 22,4 ათასი ტონა;
- თელავის რაიონი - 18,2 ათასი ტონა;
- ყვარლის რაიონი - 17,8 ათასი ტონა;
- სიღნაღის რაიონი - 12,6 ათასი ტონა;
- საგარეჯოს რაიონი - 9,2 ათასი ტონა;
- დედოფლისწყაროს რაიონი – 4,3 ათასი ტონა;
- ლაგოდეხის რაიონი - 3,7 ათასი ტონა;
- ახმეტის რაიონი - 3,0 ათასი ტონა.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ  ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მლნ ლარი.

ქართული ღვინო