ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

საფერავი

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.

თავკვერი

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

თავკვერი - თავკვერი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გავრცელებულია, ძირითადად, ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. თავკვერისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების წითელი ან ვარდისფერი ღვინოები ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა თავკვერისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინო. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - თავისი გავრცელების ძირითად ზონაში (გორის რაიონი) ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. თავკვერის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

საფერავი ბუდეშურისებური

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

საფერავი ბუდეშურისებური - სახელწოდებით „საფერავი-ბუდეშური“ იგი პირველად აღწერილია ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის მიერ და განსხვავდება ჩვეულებრივი საფერავისაგან ძირითადად მოგრძო ბუდეშურისმაგვარი მარცვლებით და შედარებით უფრო ნაადრევი სიმწიფით. საფერავი ბუდეშურისებურის ღვინოს აქვს ინტენსიური ფერი და უფრო მცირე სხეული, ვიდრე ჩვეულებრივ საფერავს.

ალექსანდროული

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

ალექსანდროული - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭის რაიონებში. ალექსანდროული მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით - ყურძენს კრეფენ, როდესაც მასში შაქრიანობა 26,0-28,0%-ს მიაღწევს. ამგვარი მასალისგან სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, ჰარმონიულობით, შაქრის ნორმალური შედგენილობითა და სასიამოვნო გემური თვისებებით. შედარებით ნაკლები შაქრის შემცველობისას (20,0-21,0%) ჯიშისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ალექსანდროულისგან დამზადებული მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები გამოირჩევა სინაზით, ახასიათებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელები. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ალექსანდროულისგან, მუჯურეთულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

მუჯურეთული

წითელყურძნიანი საღვინე ჯიში

მუჯურეთული _ ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, რაჭის რაიონებში. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით. მისგან დაყენებული სუფრის ღვინო მაღალი ხარისხისაა, გამოირჩევა კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობითა და ჰარმონიულობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებში აღწევს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 25,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,0-7,0გ/ლ-ს. მუჯურეთულისაგან, ალექსანდროულთან ერთად, მზადდება ადგილწარ¬მო¬შობის დასახელების კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

ქართული ღვინო