ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

დეგუსტაცია

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
15.09.2014

პოლონეთის სამ ქალაქში ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაციები გაიმართა, რომელებსაც ღვინის ჟურნალისტი, ჟურნალ „VINISFERA”-ს მფლობელი და რედაქტორი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. ქართული ღვინის დაგემოვნებას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ბლოგერები, რესტორნების მფლობელები, სომელიეები და იმპორტიორები ესწრებოდნენ.


პოლონელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „კრახუნა“ (ლაღვინარი), „ქისი“ (ქინძმარაულის ღვინის მარანი), „საფერავი“ (თბილღვინო), „რქაწითელი“ (ოჟიოს მარანი), „ცოლიკოური“ (თელიანი ველი), „ქინძმარაული“ (შუმი), „ყვარელი“ (კორპორაცია ქინძმარაული), „მუკუზანი“ (ბადაგონი), „ვინოტერა საფერავი“ (შუხმან ვაინს ჯორჯია), „სატრაპეზო აისვაინი“ (თელავის ღვინის მარანი).


დეგუსტაცია-სემინარი ვარშავაში 9 სექტემბერს ჩატარდა და მას საქართველოს ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ. შემდეგი ღონისძიება 11 სექტემბერს ქალაქ ვროსლავში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო ქართველი მზარეულის მიერ მომზადებულ ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად დაეგემოვნებინათ.


ქართული ღვინის დეგუსტაცია 13 სექტემბერს ქალაქ კატოვიცეში ჩატარდა გამოფენა „Noe Wine Festival“-ის ფარგლებში, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო საპატიო სტუმრის სახით.


პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო და 16 ათას ბოთლზე მეტი ბრენდი.

 

ქართული ღვინო