ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ატენში საოჯახო ღვინის მარანი გაიხსნა

ზოგადი

ატენში საოჯახო ღვინის მარანი გაიხსნა
16.08.2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ღვინის მარანი ,,შატო ატენი\" გაიხსნა. ვანიშვილების ახალი საოჯახო მარნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საოჯახო ღვინის მარნების გახსნა  მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ატენური ღვინის კატეგორიის დამკვიდრებისთვის, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ატენური ძალიან ცნობილი დასახელებაა და სამწუხაროდ მისგან ცოტა ღვინო იწარმოება. ასეთი ხარისხიანი, პატარა საოჯახო მეურნეობები ნამდვილად ხელს შეუწყობს  ამ პოპულარული სახელის შენარჩუნებასა და განვითარებას“  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ატენურ ღვინოს საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია.

„ატენური ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი დასახელებაა და სამწუხაროდ ის ბოლო წლებში ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე. ასეთი საშუალო და მცირე ზომის ღვინის მარნების განვითარება პირველი ნაბიჯებია, რომელიც  ქართლის მეღვინეობის გაძლიერებას დაეხმარება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც მარნის მეპატრონემ, იოსებ ვანიშვილმა აღნიშნა,  სტუმრები ადგილზე შეძლებენ ორი დასახელების ღვინის - ატენურისა და თავკვერის და ასევე ჭაჭის შეძენასა და  დაგემოვნებას.

ვანიშვილების საოჯახო მარანი „შატო ატენი“ ჩართული იქნება პროექტში „საქართველოს ღვინის გზა“. 

 

ქართული ღვინო