ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება

ზოგადი

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება
08.02.2024

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. 
ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის გაზრდისთვის.
ამასთან ერთად, 16 მილიონი ლარიდან, 2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის“, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა,  სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს. 
ქართული ღვინო 2023 წელს  მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში, 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი; ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, ლატვია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ისლანდია, იტალია და თურქეთი. ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართა საქართველოშიც.
2023 წლიდან ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას  ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ახორციელებს.

ქართული ღვინო