ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

ზოგადი

ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს
11.05.2020

აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.
ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.
ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.
გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.
დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

ქართული ღვინო