ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის შეჯამება

2017 წლის რთველის შედეგად, კახეთის რეგიონში 125 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. მევენახეების შემოსავლებმა 144 მლნ ლარს მიაღწია. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 63,4 ათასი ტონა რქაწითელი, 54 ათასი ტონა საფერავი, 3,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.კახეთის რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი  34,7 ათასი ტონა ყვარლის მუნიციპალიტეტში გადამუშავდა. შემდეგ მოდის გურჯაანი - 32 ათასი ტონა, თელავი - 24,6 ათასი ტონა, საგარეჯო -  13,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 10 ათასი ტონა, ახმეტა -  4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 3,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი - 3,15 ათასი ტონა. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა და რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია. ყურძენი კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა. რთველის აქტიური ფაზის დროს, დღე-ღამურად გადამუშავდებოდა 5 ათას ტონამდე ყურძენი. ამ პერიოდში ყოველდღიურად გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 100-მდე ღვინის საწარმო, რის შედეგადაც, წელს არ დაფიქსირებულა ქარხნებთან რიგები. რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და წარმატებით,  არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა. მევენახეები და მეწარმეები ყურძნის ფასზე შეთანხმდნენ დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. წლევანდელმა რთველმა უჩვენა, რომ მევენახეებისთვის ღვინის კომპანიების მიერ ჩატარებული ფასი მისაღები იყო. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გადამუშავებულია 769 ტონა ყურძენი (ალექსანდროული და მუჯურეთული), მოსახლეობის შემოსავლებმა 5,4 მლნ ლარს გადააჭარბა. კომპანიებს ყურძენი რაჭაში 1000-მდე მევენახემ ჩააბარა. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იყვნენ ამპელოგრაფები. მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობა - ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა, იძლეოდა შესაძლებლობას, რომ კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდი აღარ გაცემულიყო.
წელს ყურძნის ფასის დადგენა მოხდა ხარისხისა და წარმომავლობის მიხედვით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე (რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრი, საფერავის საშუალო ფასი - 1.50-1.70 ლარი). ყურძენი თითქმის სრულად აითვისა კერძო სექტორმა. 

ქართული ღვინო