ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება

ზოგადი

ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება
18.06.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა  ღვინის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მცირე მარნების წარმომადგენლებთან ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. მცირე მარნები დაზარალდნენ როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შესაბამისად, მცირე მარნების წარმომადგენლებმა, შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზების საჭიროების და ამ მიმართულებით მხარდაჭერის საკითხის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ახალი მიდგომები, რომლებიც მცირე მარნებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და შემდგომ  რეალიზაციაში დაეხმარება. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს. გარდა ამისა, სააგენტო უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე მარნებს წარმოებული ღვინის რეალიზაციაში. 
„დარგში გამოწვევა დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე, ქართული ღვინის შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი არ არის დრამატული. ცალკეულ ბაზრებზე გაყიდვების ტენდენცია საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს მუშაობა ციფრული მარკეტინგის ახალ მოდელებზე და ამ რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები, მათ შორის მცირე მარნების მფლობელები,  მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ, მათ შორისაა, საგადასახადო შეღავათები, შეღავათიან საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური დახმარების პროექტები.

ქართული ღვინო