ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ანგარიშის წარდგენა პარლამენტში

ზოგადი

ანგარიშის წარდგენა პარლამენტში
19.11.2018

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი უძღვებოდა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე წარადგინა და კანონმდებლებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე 10 თვის მუშაობის ანგარიში გააცნო სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

მომხსენებლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, წლეულს ერთ-ერთი წარმატებული რთველი ჩატარდა - ჯერ ერთი, რომ ქვეყანამ რეკორდული მოსავალი მიიღო, მეორეც - რთველმა სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გარეშე ჩაიარა, რაც უდავოდ, უდიდესი მიღწევაა. 
ლევან მეხუზლამ დეტალურად ისაუბრა ღვინის სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ პროგრამებზე, როგორიცაა: „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“, „მევენახეობის განვითარების ღონისძიებები“, „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“, „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია“ და „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“. მისი შეფასებით, ამ პროგრამების მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ამ წლის ათი თვის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის 12%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, ხოლო 20%-ით არის გაზრდილი ის თანხა, რომელიც ღვინის ექსპორტს მოქვს საქართველოში. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მთავარი მიზანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის და ძვირი, ქართული ღვინო საშუალო ფასით მსოფლიოში დღეს უკვე ხუთეულშია. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელს დასრულდება დარგის საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების განახლება 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე. 
„გაწეულია დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოები. შედეგად, ქართული ღვინო კიდევ უფრო ფართოდ გადის ექსპორტზე და ქვეყანაში შემოდის დიდი მოცულობით თანხები. მსურს იმედი გამოვთქვა, რომ დარჩენილი ორი თვე კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და ღვინის სააგენტო მიმდინარე წელს მასშტაბურ შედეგებზე გავა. ჩვენს ქვეყანაში ყურძნის, ქართული ღვინის მომავალი ნათელია, იმიტომ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ფერმერის, გლეხის დასახმარებლად, რომ მან რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი პროდუქცია მოიყვანოს“, - განაცხადა სხდომის დასასრულს ირაკლი შიოლაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უსურვა.კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

ქართული ღვინო