ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ზოგადი

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
16.11.2018

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა.

კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში (CSIS) გაიმართა იმ მეცნიერების მონაწილეობით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.  აღნიშნული პროექტის კვლევების საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატიასაქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, რომლითაც დასტურდება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან ერთად, განხილული იყო თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები.

“ქართული ღვინის ფორუმი“ ორგანიზებული იყო ამერიკა-საქართველოს  ბიზნეს საბჭოს მიერ.  ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო და აშშ-ში საქართველოს საელჩო. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა „საფერავის ფესტივალი“ და ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის.

 ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის.

„ამ სამი დღის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ქართული ღვინო და ღვინის კულტურა წარგვედგინა  ღვინის პროფესიონალებისა და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ თვალსაზრისით აშშ არის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ბაზაარი“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

 

ქართული ღვინო