ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა

გამოფენა

მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა
12.10.2018

მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  „ქართული ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა. 
სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის მულტიდისციპლინარული კვლევის პროექტი, რომლის ფარგლებში 2017 წელს გამოქვეყნდა მეცნიერული დასკვნა, რომ სწორედ აქ,  საქართველოს ამ რეგიონში დაიწურა პირველად ღვინო, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით. დღევანდელი ღონისძიება კარგად ეწერება ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში და განსაკუთრებით იმ განწყობის ფონზე, რომელიც მიმდინარე შემოდგომას ახლავს წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
მან მადლობა გადაუხდა მარნეულის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობას ღვინის ფესტივალის ორგანიზებისა და ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის  კვლევის სამეცნიერო პროექტის მხარდაჭერისთვის.
ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების  გამოფენა- გაყიდვა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია  არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა.
ჩატარდა   კონკურსი   მეღვინეებს შორის, სადაც  პროდუქცია შეაფასეს მოწვეულმა  სომელიეებმა და  გამარჯვებულს გადაეცათ სიმბოლური საჩუქარი.„ქართული  ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა.  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და  საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. 

ქართული ღვინო