ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ლევან დავითაშვილი: წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება

რთველი

ლევან დავითაშვილი: წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება
04.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში გაეცნო. 
ლევან დავითაშვილი სამთაწყაროელი მევენახის, ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრო, რომელიც 2 ჰექტარზე რამდენიმე ჯიშის ყურძენს აწარმოებს. როგორც თავად მევენახე აცხადებს, ბოლო წლებში მას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. მიმდინარე წლესაც, არასუბსიდირებული რთველის პირობებში, ის თავად შეუთანხმდა მეწარმეს ყურძნის იმ ფასზე, რომელიც მისთვის მისაღები იყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი ჩატარდება წარმატებულად და ორგანიზებულად. 
„კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე დაიწყო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი-2018 ჩატარდება ორგანიზებულად და, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველი, წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 23 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებულია 5 ათასამდე ტონა ყურძენი.
დედოფლისწყაროში რთველის მიმდინარეობას კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და რეგიონალური მართვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან ერთად გაეცნო.

ქართული ღვინო