ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის შეჯამება

2014 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარება იყო. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

- ჩატარდა რთველის ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები: რთველთან დაკავშირებით სამთავრობო დადგენილების მიღება და მისი გაცნობა მეწარმეებისთვის; ძირითადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა; პროგრამული უზრუნველყოფა და ტრეინინგების ჩატარება შტაბის წევრებისთვის; შემუშავდა „რთველი 2014“-ის საკომუნიკაციო სტრატეგია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა. 
- ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვის მიზნით, სააგენტოს მიერ გადამზადდა 70 ოპერატორი. მათგან შეირჩა და ღვინის კომპანიებში დასაქმდა 40 ოპერატორი. 
- 22 ივლისს სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი შიოლაშვილს და ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თმა მოსალოდნელი სუბსიდირება, ასევე მოსავლის დაზღვევის საკითხები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების კუთხით არსებულ მდგომარეობა და მევენახეობასთან დაკავშირებულ სხვა თემები იყო.
- ყურძნის სავარაუდო მოსავლის, შაქრიანობის დინამიკის, ასევე ღვინის კომპანიების მიერ შესასყიდი ყურძნის სავარაუდო მოცულობის დადგენის მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები 21 ივლისიდან რთველის დასრულებამდე იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, შემდგომ რთველის დაწყებასთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გადაინაცვლეს. 
- 13 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა წლევანდელი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განხორციელებული სამუშაოების გაცნობა, სუბსიდიის საკითხების განხილვა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის შემუშავებული ახალი პროგრამების გაცნობა იყო.
- 20 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა იმისთვის, რომ რთველი ჩატარდეს ორგანიზებულად, რათა მევენახეებისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს ყურძნის რეალიზაცია. ლევან დავითაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს რთველის პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები და პროცედურული საკითხები გააცნო. რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და 2013 წლის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხებოდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელსაც მოხდა როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, 2014 წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე და 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. 
რთველთან დაკავშირებით მოქმედებდა ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და ელექტრონული ფოსტა: rtveli2014@georgianwine.gov.ge

- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18 სექტემბერს „რთველი 2014-ის\" საკოორდინაციო შტაბს ეწვია და ადგილზე გაეცნო შტაბის მუშაობას და რთველის მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ რთველის სეზონზე დაცული იქნება როგორც მეწარმის, ისე მევენახის ინტერესები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013-2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა.

- „რთველი 2014“-ის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადდა საკომუნიკაციო-საინფორმაციო მასალა: ბროშურა, ბანერები, X-შტენდერები და სხვა. რთველის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების მიზნით, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა ცენტრალურ და რეგიონალურ მედია საშუალებებთან.
5 ოქტომბერს რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში რაჭაში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით გაიხსნა. წელს რაჭაში მკაცრად კონტროლდებოდა რეგიონში სხვა ზონიდან ყურძნის ჯიშების შემოტანა, რათა დაცული ყოფილიყო „ხვანჭკარის“ ხარისხი. 
წელს, ისევე როგორც 2013 წელს სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესრულდა დანაპირები - მაქსიმალურად მოხდა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა. 
2014 წელს პირველად, რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში პრემიერის მიერ მიღებული სამთავრობო დადგენილების თანახმად, ღვინის კომპანიებს ეკრძალებოდა გამოწნეხილი ჭაჭის რეალიზაცია ღვინის დამზადების მიზნით. შედეგად წელს ღვინის საწარმოების ნაწილი გამოწნეხილ ჭაჭას ანადგურებდა, ნაწილმა კი კერძო ფირმებთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რომელთაც გამოწნეხილი ჭაჭა ძირითადად რამდენიმე მიმართულებით გამოიყენეს. ასეთი მიმართულებები იყო სასუქი, ხელოვნურ ტბებსა და საგუბარებში თევზების საკვებად, ფერმებში ფრინველისა (ინდაური) და წვრილფეხა საქნლის საკვებად. ჭაჭა ასევე გამოიყენებოდა არყის გამოსახდელად - ზოგ შემთხვევაში თვითონვე ხდიდნენ, ან გადასცემდნენ კერძო ორგანიზაციებს, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეს უკანასკნელნი ვალდებული იყვნენ ჭაჭისგან გამოეხადათ არაყი.
2014 წლის რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთო ჯამში გადამუშავდა 124 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოასავალმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა (შედარებისთვის: 2013 წელს შემოსავლები 100 მლნ ლარს შეადგენდა). რთველის პერიოდში ყურძნის ფასიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.

აქედან: 
რქაწითელი - 73,5 ათასი ტონა
საფერავი - 42,8 ათასი ტონა
კახური მწვანე - 2,3 ათასი ტონა
მუჯურეთულ-ალექსანდროული - 873 ტონა
სხვა ჯიშის ყურძენი - 4,5 ათასი ტონა
მათ შორის, 
კახეთში გადამუშავებულია - 122, 2 ათასი ტონა, შემოსავლები - 161,4 მლნ ლარი
რაჭაში - 1628 ტონა, შემოსავლები 12,6 მლნ ლარი.

რთველი 2014-ის ფარგლებში მევენახეებისგან ყურძენს 87 ღვინის მწარმოებელი კომპანია იბარებდა. ყურძნის გადამუშავების დღე-ღამურმა მაჩვენებელი 5-6 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო 25 წელია არ დაფიქსირებულა საქართველოში.
რთველის დინამიკა ონლაინ-რეჟიმში აღირიცხებოდა სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://georgianwine.gov.ge/statistic/

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობებით რთველის ჩატარება, კერძო კომპანიების მიერ ყურძნის ჩაბარება მაღალ ფასად და დიდი ოდენობით, რაც გულისხმობს გლეხების მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებას, მოსახლეობაში აჩენს სტიმულს ვენახების გაშენებასთან დაკავშირებით. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აშკარა ხდება საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მევენახეობის სფეროში დასაქმებული ადამიანების სურვილი, მოხდეს უკვე არსებული ვენახების უკეთ მოვლა-პატრონობა, ახალი ვენახების გაშენება. ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ საქართველოში შეინიშნება უნიკალური, მცირე რაოდენობით გაშენებულ ყურძნის ჯიშებზე ფასების მკვეთრი ზრდა და მათი სამრეწველო ვენახებად გაშენების სურვილი.

ქართული ღვინო